საგარანტიო მომსახურების პირობები
MINISO Georgia
ჩვენი მაღაზია უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ პირობებს.
1. საგარანტიო ვადა
ნებისმიერ პროდუქტზე ვრცელდება 2 (ორ) წლიანი კანონისმიერი საგარანტიო ვადა, რომელიც აითვლება პროდუქტის მომხმარებლისთვის გადაცემის (შეძენის) დღიდან. საგარანტიო ვალდებულება ფარავს ექსკლუზიურად ქარხნულ წარმოშობის ნაკლს (დეფექტს) იმ პირობით, რომ პროდუქტი გამოყენებულია დანიშნულებისამებრ და მოვლის სათანადო წესების დაცვით და არ ვრცელდება სხვა სახის დაზიანებებზე.
მალფუჭებადი და შეზღუდული სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე პროდუქტი (კოსმეტიკა, სურნელოვანი პროდუქტები, კანის მოვლის საშუალებები და სხვა) — საგარანტიო ვადა შეესაბამება პროდუქტზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება.
2. საგარანტიო მომსახურების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
საგარანტიო პრეტენზიის წარდგენისას მომხმარებელმა იმავე ფილიალში სადაც ნივთი შეიძინა უნდა წარმოადგინოს:
• პროდუქტის შეძენის დამადასტურებელი სალაროს ჩეკი ან სხვა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• პროდუქტი იმ სრული კომპლექტაციით, ორიგინალი შეფუთვის დროს როგორც გადაეცა მომხმარებელს შეძენის მომენტში — მათ შორის ყველა დანართი, აქსესუარი, კაბელი და სახელმძღვანელო. კომპლექტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მაღაზია უფლებამოსილია საგარანტიო განხილვა შეაჩეროს ან შეზღუდოს იმ ნაწილებით, რომლებიც ფაქტობრივად წარმოდგენილია.
3. მტკიცების ტვირთი
• შეძენიდან პირველი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში — ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, მაღაზია თავად უზრუნველყოფს პროდუქტის დიაგნოსტიკას და ამტკიცებს ნაკლის არარსებობას ან წარმოშობას.
• შეძენიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ — ნაკლის ქარხნული წარმოშობის დამტკიცების ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია დამოუკიდებელ სერტიფიცირებულ ლაბორატორიას მიმართოს ექსპერტიზისთვის.
4. პრეტენზიის განხილვის პროცედურა და ვადები
• საგარანტიო პრეტენზიის წარდგენისთვის მომხმარებელი მიმართავს მაღაზიას პირადად ან წერილობით ელ ფოსტაზე : marketing@miniso.ge
• პრეტენზიის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ჩატარდება პირველადი დიაგნოსტიკა და მომხმარებელს ეცნობება შედეგი.
• ქარხნული ნაკლის დადასტურების შემთხვევაში, მაღაზია ვალდებულია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ნაკლი აღმოფხვრას.
• ქარხნული ნაკლის დადასტურების შემთხვევაში მაღაზია პირველ რიგში უზრუნველყოფს პროდუქტის შეკეთებას. თუ 30-დღიან ვადაში ნაკლის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, შეკეთების შეუძლებლობის ან 30-კალენდარულდღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება ანალოგიური პროდუქტი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩანაცვლებაც ობიექტური მიზეზით შეუძლებელია, მომხმარებელს უბრუნდება გადახდილი თანხა სრულად.
5. გამოყენების ინსტრუქცია და მომხმარებლის ვალდებულება
• ყველა პროდუქტს თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია, რომლის გაცნობა და დაცვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
• ინსტრუქციაში კონკრეტულად მითითებული ტექნიკური პარამეტრების (ძაბვა, ტემპერატურა, ტევადობა, დანიშნულება) განზრახ ან გაუფრთხილებელი დარღვევა შეიძლება გახდეს საგარანტიო ვალდებულების შეზღუდვის საფუძველი, თუ დიაგნოსტიკით მკაფიოდ დადასტურდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დარღვევასა და დაზიანებას შორის.
6. შემთხვევები, როდესაც საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება
საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება, თუ დიაგნოსტიკით დადასტურდა, რომ დაზიანება გამოწვეულია:
• მექანიკური ზემოქმედებით — დაცემა, დარტყმა, გატეხვა, გაბზარვა;
• სითხის ან ნესტის შეღწევით — გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქტი წყალგაუმტარად არის დეკლარირებული;
• არაავტორიზებული ჩარევით — პროდუქტის გახსნა, თვითნებური შეკეთება ან სერვის ცენტრის გარეშე ჩატარებული მანიპულაციები;
• ბუნებრივი ცვეთით — ელემენტის ბატარეის ტევადობის ბუნებრივი კლება, კაბელის გარსის გაცვეთა და სხვა სახის ფიზიკური ცვეთა გამოყენების პროცესში;
• გარე ელექტრო ფაქტორებით — ელექტრომომარაგების სისტემის მკვეთრი, არანორმატიული რყევით (ელექტრო დარტყმა, გამანადგურებელი ძაბვის წვეტი) გამოწვეული დაზიანება. შენიშვნა: ჩვეულებრივი, ნორმის ფარგლებში არსებული ქსელის რყევა ამ გამონაკლისს არ წარმოადგენს;
• ფორსმაჟორული გარემოებებით — სტიქიური უბედურება, ხანძარი, წყალდიდობა და სხვა დაუძლეველი ძალა.
7. მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს უფლება აქვს:
• მოითხოვოს პროდუქტის შეკეთება ქარხნული ნაკლის გამოვლენისას;
• შეკეთების შეუძლებლობის ან 30-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში — პროდუქტის შეცვლა, ფასის შემცირება ან თანხის დაბრუნება;
• გაასაჩივროს მაღაზიის გადაწყვეტილება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოში ან სასამართლო წესით.